მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია დაამტკიცა
16 ივნისი 2019საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023“ დაამტკიცა. დოკუმენტი მაღალმთიანი დასახლებების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და არსებული პოტენციალის ანალიზის საფუძველზე მომზადდა.
სტრატეგია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერითა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა. იგი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების თანასწორი და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, თანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას.
სტრატეგიული ხედვის შესაბამისად, საბაზისო ინფრასტრუქტურის, სოციალური და საჯარო სერვისების, ტურისტული მიმზიდველობის, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის გზით, 2023 წლისათვის მაღალმთიან დასახლებებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრების დონე და დემოგრაფიული დინამიკა.
ხედვის მისაღწევად სტრატეგია ითვალისწინებს სამ მიზანს, ესაა: მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობა.
სტრატეგიის მიზნები მოიცავს ტურიზმის განვითარებას, სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, განათლების, ჯანდაცვის, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობას, ახალგაზრდების მხარდაჭერას, მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემების დანერგვას და სხვა.
სტრატეგიით შემუშავებული ხედვის მისაღწევად კონკრეტული ღონისძიებები გათვალისწინებულია ორწლიან სამოქმედო გეგმაში. განსაზღვრული ისიც, თუ რომელმა უწყებამ უნდა განახორციელოს ესა თუ ის აქტივობა, ღონისძიება და რა მოცულობით.
სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა სასწრაფო დახმარების შენობების მშენებლობა, გზების, ამბულატორიული შენობების, სკოლების, საბავშვო ბაღების, მუზეუმების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობა, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია, პრევენციული ღონისძიებები ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ელექტროფიცირება, გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია და მუნიციპალიტეტებში ინფორმაციული ნაკადების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა.
სტრატეგიის ორწლიანი სამოქმედო გეგმის საპროგნოზო ბიუჯეტი დაახლოებით 700 მილიონი ლარია.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის საფუძველზე, რომელიც პარლამენტმა ზუსტად 4 წლის წინ, 2015 წლის 16 ივლისს მიიღო, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის სულ 86 მილიონი ლარი გამოიყო, რაც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ, სოფლის მეურნეობისა და სოციალურ პროექტებს მოხმარდა.
ამ კანონის საფუძველზე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1,731 დასახლებას და 245,287 საქართველოს მოქალაქე სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით.